დიაბეტი და კანონმდებლობა

პირველი ნაბიჯი, რაც ასოციაციის რეგისტრაციის მერე გადავდგით,იყო ოფიციალური  მიმართვა მაშინდელი მთავრობის მიმართ,რათა გამოსულიყო სპეციალური დადგენილება დიაბეტიანი ბავშვების მკურნალობისა და ხელშეწყობის შესახებ,რაც იმ დროისათვის უაღრესად აქტუალური იყო (არ გვქონდა ოფისი,არ იყო დიაბეტის  პროფილით მომუშავე  სპეციალიზირებული  აფთიაქი და სხვ.). მიუხედავად იმისა , რომ ძირითადი შეთანხმებები თითქმის მიღწეული იყო სხვადასხვა სამინისტროებსა და უწყებებს შორის , 1991-1992 წწ . თბილისის  მოვლენების გამო,როდესაც  კანონიერი ხელისუფლება დამხობილი იქნა სამხედრო გადატრიალების გზით, ჩვენდა სამწუხაროდ ვერ მოესწრო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

მოგვიანებით დაიწყო საომარი მოქმედებები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში,გაჩაღდა სამოქალაქო ომი , რის გამოც ამ საკითხების მოგვარებამ დიდი ხნით გადაიწია.

რაც დრო გადიოდა ,პრობლემები პრობლემებს ემატებოდა და აშკარად იკვეთებოდა სახელმწიფო დონეზე არამარტო დიაბეტიანი ბავშვების,არამედ დიაბეტიანი მოსახლეობისა და ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირთა აუცილებელი სასიცოცხლო მედიკამენტებით უზრუნველყოფისა და მკურნალობის,მათი ფსიქო-სოციალური დახმარებისა და რეაბილიტაციის,აგრეთვე საზოგადოებაში ჯერ კიდევ შემორჩენილი დისკრიმინაციული სტიგმების  გადაჭრის აუცილებლობა, რასაც სჭირდებოდა შესაბამისი კანონმდებლობის შექმნა.

ამ მიზეზების გამო მივიღეთ გადაწყვეტილება წავსულიყავი აქტიურ პოლიტიკაში და როგორც პოლიტიკოსს  მომეგვარებინა  ზემოთხსენებული პრობლემები საკანონმდებლო დონეზე.

1995 წ.საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ -მოქალაქეთა კავშირმა,და მე როგორც ამ გუნდის წევრმა დავიწყე აქტიური სადეპუტატო საქმიანობა.

პირველი საკანონმდებლო ინიციატივა ეხებოდა ინსულინების,ინსულინის შპრიცების,საანალიზო-ტექნიკური საშუალებების (გლუკომეტრების ) იმპორტის ყოველგვარი გადასახადებებისგან  გათავისუფლებას.ამ მიზნით  ახლად მიღებულ საგადასახადო კოდექსში ჩაიდო სპეციალური მუხლი, რომელმაც გაანთავისუფლა ზემოთჩამოთვლილი სამედიცინო პროდუქტები დაბეგვრისაგან.

ამის შემდეგ პარლამენტმა მიიღო რიგი კანონებისა, სადაც სპეციალური მუხლები შევიდა დიაბეტიანი მოსახლეობის უფლებების  დასაცავად. 

განსაკუთრებით უნდა ავღნიშნოთ „საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ , სადაც 85-ე მუხლში ჩაიწერა სახელმწიფოს მიერ დიაბეტიანი მოსახლეობის სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფის ვალდებულებების შესახებ. აღნიშნული მუხლის შეტანას კანონში, რაოდენ პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, ეწინააღმდეგებოდა ჯანდაცვის სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობა. რამდენიმე თვიანი  „ბრძოლა“ ბიუროკრატებთან დამთავრდა ჩვენი გამარჯვებით და ამ კანონით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, უზრუნველეყო მედიკამენტებით როგორც დიაბეტიანი , ასევე ის პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ მუდმივ ჩანაცვლებით თერაპიულ მკურნალობას. მსგავსი კანონი პირველი იყო პოსტსაბჭოურ სივრცეში და მან მაგალითი მისცა სხვა ქვეყნების  საკანონდებლო ორგანოებს მიეღოთ ანალოგიური კანონები.

ზემოთხსენებული კანონის მსგავსად, სხვადასხვა დროს, განათლების სამინისტროს მაღალი რანგის ჩინოვნიკები, ასევე დიდი წინააღმდეგობას უწევდნენ  „კანონში ზოგადი განათლების შესახებ“ იმ მუხლის შეტანას, რომელიც ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობების პირებს დაუწესებდა სწავლისა სრულფასოვანი აღზრდისათვის  არააკადემიურ შეეღავათებს (ინკლუზიური სწავლება). დღეს ჩვენს მიერ ინიცირებულ და მიღებულ კანონს უმაღლეს შეფასებას აძლევენ ევროკავშირის ექსპერტები,  ხოლო განათლების სამინისტრო ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეზღუდული შესაძლებლობების პირებისათვის წარნატებით ახორციელებს სპეციალური პროგრამებით სწავლებას,რაც უდაოდ დიდი მიღწევაა ჩვენი ქვეყნისთვის.

ცალკე აღნიშვნის ღირსია „საქართველოს კანონი პენსიების შესახებ“. ახალი კანონის ამოქმედებით , დიაბეტიან  ბავშვებს 0 -დან 18-წლამდე ენიშნებათ პენსია (სოციალური დახმარება) ყოველწლიური გადამოწმების გარეშე, ხოლო 18 წლის ასაკის მიღწევისას ავტომატურად ენიჭებათ  ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსთან ერთად, მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსიც უვადოდ . ამით დასრულდა ჩვენი ბავშვებისა  და მათი მშობლების, ყოველწლიური გაუგებარი სიარული სოციალური დახმარების კომისიებზე, რაც ყოველთვის უდიდეს ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებდა როგორც დიაბეტიან ბავშვებს, ასევე მათ მშობლებს.

1997 წელს მიღებული საგადასხადო კოდექსით, მედიკამენტების გარდა შეღავათი დაუწესდა დიაბეტურ პროდუქტების,  როგორც ადგილობრივ წარმოებას, ასევე მის იმპორტს. კანონი შეეხო იმ პროდუქტების ჩამონათვალს რომლებიც სპეციალურად იყო მარკირებული. მიუხედავად იმისა რომ ჩვენი ძალისხმევა არ დაკლებია ამ კანონის მოქმედების  „სასიკეთო“ შედეგების  მიღებას,  გაჩნდა სავაჭრო  ობიექტები წარწერით „დიაბეტური პროდუქტები“, რაც აშკარად დისკრიმინაციული იყო დიაბეტიანი მოსახლეობისათვის. ამ გარემოებას  იმასაც  თუ დავუმატებთ, რომ ხშირად დიაბეტური პროდუქტების სახელით ბაზარზე შემოდიოდა   სრულიად უხარისხო და მაღალი კალორაჟის მქონე  პროდუქტები, მოსალოდნელი შედეგები თვალნათლივ ჩანდა.

ამის გამო, ჩვენივე ინიციატივით გაუქმდა ზემოთხსენებული შეღავათები ე.წ. დიაბეტურ  სურსათზე  (დიაბეტური პურის გარდა) , ხოლო   „საქართველოს კანონში რეკლამის შესახებ“ შევიტანეთ სპეციალური მუხლი სავაჭრო ობიექტებზე  ზემოთხსენებული დისკრიმინაციული რეკლამების განთავსების აკრძალვის შესახებ. კომერციულ დაწესებულებებს  მიეცათ რეკომენდაცია, რათა ასე პროდუქტები განეთავსებინათ მათთვის სპეციალურად გამოყოფილ დახლებზე წარწერით „დიეტური პროდუქტები“, ისევე როგორც ეს  არის ორგანიზებული ევროკავშირის ქვეყნებში ანალოგიური პროდუქტების ვაჭრობისას.

საიტის სპეციფიკიდან გამომდინარე ვერ ჩამოვთვლით იმ დეპუტატების სახელებს, ვინც ყოველთვის გვერდში გვედგა და ჩვენთან ერთად იზიარებდა როგორც წარმატებებით გამოწვეულ სიხარულს, ასევე სხვადასხვა დროს უსამართლობით გამოწვეულ გულისტკივილს. სწორედ ამ პოლიტიკოსების დახმარებით გრძელდებოდა წლების განმავლობაში ჩვენი საკანონმდებო ინიციატივების კანონებად გარდასახვა, რომელთა მიღებასაც იმ მომენტებში უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყანაში არა მარტო საქველმოქმედო საქმიანობის ხელშეწყობისთვის, არამედ ზოგადად არასამთავრობო სექტორის განვითარებისათვის.

 

 
back copy 

 

 
back copy 

 

 

 

ვიზიტორები

ჩვენ გვყავს 6 სტუმარი და წევრები არ არიან საიტზე

 
Copyright © 2018 დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაცია. All Right Reserved.